ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიცირებას ხელი შევუწყოთ, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კითხვას, რა რისკებს ხედავს მთავრობა, როდესაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო რუსეთი, როდესაც მთელი მსოფლიო დივერსიფიცირებაზე მუშაობს.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, მთავრობას მხოლოდ წელს 16 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ვმუშაობთ დივერსიფიცირებაზე, მე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებდი სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის კუთხით. მხოლოდ წელს 16 მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი ჩვენი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი ათეულობით გამოფენაზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში.
რისკებთან დაკავშირებით, მე გიპასუხებთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიცირებას ხელი შევუწყოთ. სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, კერძო მეწარმეებს, რომ ისინი წარმოდგენილები იყვნენ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ჩინეთში თუ სხვა ბაზარზე და გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან ჩვენ, დაახლოებით, 28%-ით, 23 მილიონი ლიტრით მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ვფიქრობ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებთ ამ შედეგებს. ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ანუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვახორციელებთ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ყველაფერი არის ერთობლივი პოლიტიკისა და ღონისძიებების შედეგი, რომელსაც ჩვენ ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.