საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხს ახლებურად მოწესრიგებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება პარლამენტის პოლიტიკური სპექტრის ყველა სუბიექტს მისცემს საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.
რეგლამენტის პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ მიქელაძე და დავით კაჭარავა.