„ის, რომ ქართული ოცნება რუსული კანონის კალკირებას აპირებს, ამაში გასაკვირს მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. მაწუხებს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დაჟინებული მცდელობა კვლავ შექმნან დემოკრატიული პროცესების სიმულაცია.
განსაკუთრებით მაკვირვებს ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, რომ ამ სიმულაციის შესაქმნელად გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტონ და კვლავ დაუბრუნდნენ პარლამენტში მუშაობას, თან სიმულაციურ მუშაობას“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ქართული ოცნების მხრიდან „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული რუსული კანონის შესაძლო მიღებას.
„ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მცდარი იმედები, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლოა დეპოლარიზაცია და თანამშრომლობა, რაც უფრო მალე გაქარწყლდება, მით უფრო სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.
პოლიტიკური პარტიები, იმის ნაცვლად რომ ბოლომდე ამხილონ პროპუტინისტური ხელისუფლება, სინამდვილეში, ამ სიმულაციებში მონაწილეობით უფრო აძლიერებენ ქართულ ოცნებას და უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ