“ჩამოყალიბდა ერთგვარი კარტელი, რომელმაც რეალურად ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი ჩაკლა” – ირაკლი გოგავას ანალიზი ე. წ. “არასამთავრობოებზე”

1995 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან საკმაოდ მსუყედ ფინანსდება. მხოლოდ აშშ-დან საშუალოდ წელიწადში 30-40 მილიონი აშშ დოლარი და ევროპიდან 10-15 მილიონი შემოდის. 28 წლის განმავლობაში $1 მილიარდზე მეტი შემოვიდა ამ საქმისთვის. საქართველოს პირობაზე ეს დიდძალი თანხაა.

ამ ძალისხმევის შედეგი საქართველოში სამოქალაქო  საზოგადოების განვითარება უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა.  წესით, მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ არა ერთი ნიუანსი: თუ თავიდან საკმაოდ ფართო იყო გრანტის მიმღები ორგანიზაციების რიცხვი, საბოლოო ჯამში, 2000-იანი წლებიდან  დაახლოებით 40-მდე ერთი და იგივე ორგანიზაციის რეგულარ დაფინასებამდე დავიდა და სტაბილური ხასიათი მიიღო, გრანტების მიმღები სუბიექტების მცირეოდენი როტაციით. სამოქალაქო სექტორი ქვეყნისთვის აუცილებელია სახელისუფლებო და პოლიტიკური სტრუქტურების კონტროლისთვის, ასევე მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გასაჟღერებლად და საჯარო დისკუსიების მოსაწყობად.

შემომავალი თანხების უდიდესი ნაწილი უცხო ქვეყნების სამთავრობო ფულია, უცხო ქვეყნის მთავრობას კი თავისი ინტერესები აქვს, რომელიც შეიძლება საქართველოს ინტერესს ემთხვეოდეს ან არა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ფულს მოყვება ვალდებულება და აქვს კონკრეტული მიზანი. ძლიერი ქვეყნები მუდამ ცდილობენ,  სხვა ქვეყნებში მოაწყონ ისეთი სისტემა, რომ ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებებზე მოახდინონ გავლენა თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ამ მიზნით ისინი გრანტებს გასცემენ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა სემინარებზე და კონფერენციებზე იდეოლოგიურად ამზადებენ ამ სტრუქტურების კადრებს.

საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები გაუცნობიერებლად თუ ცნობიერად ემსახურებიან სხვა სახელმწიფოს ინტერესებს. მათი მოტივაცია პირველ რიგში კარგი ხელფასია, თანაც ბევრი  იდეოლოგიურად დამუშავებულია. საქართველოში საშუალო ხელფასი 1541 ლარია, ხოლო არასამთავრობო სექტორში 3000-4000 ლარი ან მეტი. ყოველწლიურად გრანტების სახით შემოსული 40 მილიონი დოლარიდან მინიმუმ 1500 ადამიანი იღებს გასამრჯელოს. ამ ხალხს კი ჰქვია არასამთავრობო სექტორი, მაგრამ რეალურად სხვა სახელმწიფოების სამთავრობო ფულით არიან დაქირავებულნი.

დღეისთვის  არასამთავრობო ორგანიზაციების სტაბილური კასტა მივიღეთ, რომელსაც ტერმინიც კი მოუფიქრეს: „ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები“, რათა სხვა არასამთავრობო ჯგუფებისგან გამოარჩიონ, რომელიც ავტომატურად „არავტორიტეტულად“ უნდა ჩაითვალოს.  ეს კასტა ძირითადად ემსახურება იმ ქვეყნების ინტერესებს, საიდანაც ფინანსდებიან. ამავე დროს მათთვის კარი ღიაა იმ მედია საშუალებებში, რომლებიც ასევე უცხო ქვეყნის სამთავრობო ფულით ფინანსდება გრანტების სახით. მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირების სტუმრობისას მხოლოდ მათ ახვედრებენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს.

ჩამოყალიბდა ერთგვარი კარტელი, რომელმაც რეალურად ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი ჩაკლა. ამ კარტელის სტრუქტურების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მინიმალურია.  ისიც უნდა ითქვას, რომ თავისი საქმიანობის მცირე ნაწილს ისინი მართლაც უთმობენ სამოქალაქო კონტროლის ფუნქციებს. თუმცა უმთავრესად კონკრეტული იდეოლოგიის გავრცელებით არიან დაკავებულნი და სპონსორის მითითებით ორგანიზებულად თავს ესხმიან რომელიმე პოლიტიკოსს ან წამოწევენ რომელიმე თემას, რაც ხელისუფლებისგან  სპონსორებისთვის საინტერესო გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. ისინი არასდროს ან თითქმის არასდროს არ ეხებიან ჩვენთვის მართლაც სასიცოცხლო თემებს: დემოგრაფიული კატასტროფა, შობადობის კლება, უმუშევრობა, ბანკების სავახშო მოღვაწეობა, სურსათის უსაფრთხოება, საგარეო ვაჭრობის უაროფითი სალდო, სტანდარტების თემა, სოფლის განვითარება, უზარმაზარი ემიგრაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა…

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება საზოგადოებამ  იცოდეს, საიდან ფინანსდებიან სამოქალაქო სექტორი და მედია, შესაძლოა ეს რელიგიურ ორგანიზაციებზეც გავრცელდეს, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ამერიკული „FARA”-ტიპის კანონის შერბილებული ვარიანტი შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ეს კანონი აშშ-ში წარმატებით მუშაობს 1938 წლიდან. თუმცა ეს არ იქნება საკმარისი, რადგან ისედაც დისკრედიტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ კრებულს, ამ კანონის მიღების შემდეგ სანდოობის ხარისხი მინიმუმიდან ნულამდე დაუვა. ამ დროს კი ის მცირე ძალისხმევაც კი, რომელსაც ისინი სახელისუფლებო კონტროლზე ხარჯავენ, სრულად გაუფასურდება.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაზე. ამ მიზნით საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციების სახალხო დაფინანსების ე.წ. „პოლონური მოდელი“.

პოლონეთში ყველა ადამიანს, ვისაც აქვს შემოსავალი, იხდის საშემოსავლო გადასახადს, ისევე როგორც საქართველოში. მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაცია და საშემოსავლო გადასახადიდან ამ კონკრეტულ არასამთავრობოს გადაურიცხოს 1%. თუ არ სურს არჩევა, მაშინ ეს 1% ბიუჯეტს მაინც მიაქვს. ამ კანონის წყალობით პოლონეთის არასამთავრობო სექტორში ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გააკეთონ, რათა მეტი ადამიანისგან მიიღონ ის 1%. ამ მოდელმა პოლონეთში დიდი ეფექტი გამოიღო და უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები თითქმის არ ჩანან აქტიური ადგილობრივი ორგანიზაციების ფონზე.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადით 5 მილიარდი ლარი იკრიბება ყოველწლიურად, ამ თანხის 1% 50 მილიონ ლარს შეადგენს. ეს სავსებით საკმარისი თანხაა პირველ ეტაპზე, რომ რეალურად საჭირო ორგანიზაციები განვითარდნენ: დემოგრაფიული კავშირი, ტყის გადარჩენის ალიანსი, სასურსათო უსაფრთხოება, ეკოლოგია, კორუფციის კონტროლი და ა.შ.

მესამე ღონისძიება, რაც უნდა მოყვეს ამ პროცესს ეს გახლავთ სოციალური ქსელების შესახებ სუვერენული კანონმდებლობის მიღება. სოციალურ ქსელებში არაადექვატური ცენზურის გაძლიერება სახეზეა, ცენზორებად თხუთმეტიოდე ზერელე განათლების ახალგაზრდა გოგო-ბიჭები გამოდიან, რომლებიც ძირითადად იდეოლოგიური და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ადებენ ცენზურას და ჩრდილოვან ბლოკს მომხმარებლებს და თან ამაში $500,000-ს იღებენ წელიწადში. ეს სერიოზული პრობლემაა სიტყვის თავისუფლებისთვის და მისახედია.

მივმართავ “ხალხის ძალა”-ს: გთხოვთ, იმსჯელოთ “პოლონური მოდელის” და სოციალური ქსელების სუვერენული კანონმდებლობის ინიცირებაზე!

 

ირაკლი გოგავა

(მასალა აღებულია სოც. ქსელიდან)