პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს – ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ანტიდასავლურ პროექტის განხილვებში ჩართვა, რაზეც ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება ფრაქციაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას ფრაქციის ბევრი წევრი არ ესწრებოდა და აუცილებელია ამ საკითხზე პოზიცია ყველამ გამოხატოს.
“ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ჩემი პოზიცია იყო და ეს პოზიცია დავაფიქსირე შეხვედრაზე, რომ მათ შორის, ამ ყველაზე ანტიდასავლური კანონპროექტის განხილვებს, მათ შორის, საკომიტეტოს და სასესიოს უნდა დაესწროს ფრაქცია. დღეს ფრაქციის სხდომას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა, მაგრამ მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას – პარლამენტის ბოიკოტზე, მანდატების დატოვებაზე და ა.შ. საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მათ შორის ამ განხილვებში ჩართვა, ჩემი მოსაზრებით, უფრო ალბათ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ფრაქციის ყველა წევრს უნდა ეცნობოს და ყველამ გამოხატოს თავის პოზიცია,”- განაცხადა დეკანოიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ ალტერნატიული პროექტის დარეგისტრირების საკითხს და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი ინიციატივა იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ სულისკვეთებას.
“ივანიშვილის დეპუტაციას და “ქართული ოცნების” განშტოებას, ადამიანებს, რომლებიც რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან, არავითარი ამერიკული პროექტის დაინიცირება და დაანონსება არ შეუძლიათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს მნიშვნელოვან სულისკვეთებას. მე მაქვს უარყოფითი პოზიცია იმ პროკრემლისტურ ძალაზე, რომელიც რაიმე აგენტების სიას აანონსებს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია განიხილავს საკითხს, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული პროექტის განხილვებში ჩაერთოს.
“ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ამასთან, „ხალხის ძალა” პარლამენტს უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად ალტერნატიულ პროექტს – ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს. აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში „ხალხის ძალის” მიერ გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათ იმედი აქვს რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ალტერნატიულ პროექტს – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რაც იქნება სრულად ამერიკული ანალოგი.