არჩილ თალაკვაძე კეზერაშვილის ლონდონურ შეხვედრაზე: ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რომელიც 2012 წლიდან ამოძრავებთ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება. დეპუტატი ფიქრობს, რომ დავით კეზერაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია იმ მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის პოლიტიკური შურისძიება.

„თქვენმა მედიამ გაავრცელა, ჩვენც ვნახეთ და მაღალი ალბათობით, ჩვენც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და გვგონია, რომ ისინი იყვნენ შეკრებილები სწორედ იმ გეგმების გასაგრძელებლად, რომელსაც აქამდეც ახორციელებდნენ. არაერთხელ გვაქვს ნათქვამი როგორ ხდება ამ ყველაფრის დაგეგმვა. კიდევ ერთი წყაროთი დაადასტურა თქვენმა მედიამ, რაზეც თვეების განმავლობაში ჩვენ, პოლიტიკოსები ვსაუბრობთ. ეს ადამიანები არიან იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელთაც 2012 წლის შემდეგ ამოძრავებთ ერთადერთი – ეს არის პოლიტიკური შურისძიება. რომ დავუკვირდეთ, თითეული ნაბიჯი, რომელიც ამ პარტიამ გადადგა პარლამენტში თუ მის გარეთ, აიხსნება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებით. პარლამენტის ბოიკოტიც სწორედ პოლიტიკური შურისძიებით იყო განპირობებული. არჩევნების დაბლოკვის მცდელობები, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა, ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევა, არეულობების მცდელობები – ეს ყველაფერი არის მოვლენათა ერთი ჯაჭვი, რომელიც აიხსნება ერთადერთით – ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური შურისძიების მიზანი და არაფერი სხვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.

როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.