მიხეილ ყაველაშვილი: თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს.

როცა შეფასება კეთდება ამერიკულ და რუსულ კანონზე, ჩვენს სახელწოდებაში განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ინდივიდუალურად არავის ვეხებით, აქ ორგანიზაციაზეა საუბარი. უცხოური გავლენის აგენტი ორგანიზაციას დაერქმევა, რაც რეესტრში გატარდება და რომელიმე თანამშრომლის სტიგმატიზება არ იქნება, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. მოძრაობის წევრის თქმით, კანონპროექტის სულისკვეთება სულ სხვა რამეში მდგომარეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა გვაინტერესებდეს, უნდა ვიცოდეთ ყველა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. რა არის აქ გასაკვირი იმაში, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე [უნდა] იყოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.