გივი მიქანაძე: სააკაშვილი შიდა წრეშიც კი ავანტიურისტად არის მოხსენიებული.

მმართველ გუნდში გიული ალასანიას განცხადებებს აფასებენ, რომელიც მან უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან Youtube-არხზე გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საბოლოო მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო.

„შიდა წრეშიც კი სააკაშვილი ავანტიურისტად არის მოხსენიებული. ეს ადამიანი იმისთვის დაბრუნდა, რომ ეს ქვეყანა დაეზიანებინა და ამ ქვეყნის პერსპექტივა რეალურად მოესპო. ამ ადამიანის დაბრუნების მთავარი მიზანი იყო „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დასახული მიზნების განხორციელება, რომლითაც ის უკანონო, რევოლუციური გზით უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში და საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი“, – განაცხადა მიქანაძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აღიარებს, რომ მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლა ავანტიურა იყო. თავად ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური ცვლილებები უნდოდა და არა რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე დაბრუნდა , თუმცა ამ დოკუმენტში სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა.