“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ციხიდან წერილს ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ “მთავარი არხის” ჯგუფს, ლევან ბერძენიშვილი შეუერთდა:
“უზომოდ გახარებული ვარ! ჩემი საყვარელი უფროსი მეგობარი ლევან ბერძენიშვილი შემოუერთდა მთავარის გუნდს!
დიდი მადლობა მას! დიდი მადლობა მთავარის გუნდს! განსაკუთრებით „შენი შუადღე“-ს!” – დაწერა გვარამიამ.
სხვათა შორის, 2015 წელს გვარამიასა და ლევან ბერძენიშვილს შორის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დიდი დაპირისპირება იყო:
მაშინ “რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა “რუსთავი 2”-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება “რეზონანსთან” ინტერვიუში შეაფასა.
“დიახ, დასავლეთისგან იქნება შენიშვნები, ეს კი ბუნებრივია. “ნაცმოძრაობაც” იტყვის, რომ ვართმევთ ტელევიზიას და დეპუტატების ლიკვიდაციას ვაპირებთ, მაგრამ მთავარია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.
თქვენ იგრძენით რაიმე ცვლილება “რუსთავი 2″-სგან? მე – არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამაზე გვარამიამ მყისვე უპასუხა:
“ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც”, – დაწერა სოციალურ ქსელში გვარამიამ.
გვარამიას პოსტს “რუსთავი 2”-ის მაშინდელი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი გამოეხმაურა.
თენგო გოგოტიშვილი: არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც…
ნიკა გვარამია: არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია.
resonancedaily.com