ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საქმეზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაია 27 თებერვალს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გალიფ ოზთურქმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი თქმით, საცხოვრებელ სახლში 7 გრამი ნარკოტიკული საშუალება როგორ აღმოჩნდა, მისთვის უცნობია.
გალიფ ოზთურქმა სასამართლოს განუცხადა, რომ საქართველოში 500 მილიონი ინვესტიცია განახორციელა, მისი პატიმრობაში ყოფნის გამო პროექტები შეჩერებულია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლევან ყოლბაიას განცხადებით, ბრალდება რამდენიმე ტომს მოიცავს და გადაწყვეტილება სამ დღეში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პროკურატურა თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვა-მოხმარებას ედავება. მუხლის მიხედვით, გალიფ ოზთურქს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.