დეკემბერში ევროკავშირი უმაღლეს დონეზე გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
ამასთან, ელჩის თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება იმპლემენტირებული ევროკომისიის 12 პრიორიტეტი.
“ეს წელი ისტორიული წელია საქართველოში, ვინაიდან, ოქტომბერში მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, გადაწყვეტს თუკი და როგორ გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო წინ წაიწევა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, საქართველომ წინა წელს 12 პრიორიტეტი მიიღო და, რა თქმა უნდა, ვნახავთ პრაქტიკაში როგორ იქნება ეს 12 პრიორიტეტი იმპლემენტირებული.
ბოლო დროინდელი ინიციატივა ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონის შესახებ უბრალოდ შეუთავსებელია მინიმუმ ორ პრიორიტეტთან – მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში”, – თქვა ჰერჩინსკიმ.