პოლონეთმა უყრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერი პიოტრ მიულერი „ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„უყრაინას პოლონეთიდან პირველი Leopard-ები მიეწოდა. პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს უსაფრთხოებისთვის უყრაინასა და ევროპაში”, – წერს მიულერი.
თავად მორავეცკიმაც კიევში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„დღეს აქ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვებით ჩამოვედი, არამედ ცოდნით, რომ ასეთ ბარბაროსულ აგრესიას ძალით უნდა გაეცეს პასუხი. დღეს, როგორც პირველმა ევროპულმა ქვეყანამ, მინდა სიმბოლურად გადმოგცე, ვოლოდიმირ, პირველი ოთხი პოლონური Leopard 2A4 ტანკი”, – განაცხადა მორავეცკიმ.
მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უყრაინას პოლონეთისგან მეტი ტანკი გადაეცემა და ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა.