„იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას იკვეთება დაშინების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები“
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა უკვე მე-13 დღეა გრძელდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად, ქარხანა არ გაჩერებულა და წარმოების პროცესი გრძელდება. გაფიცულების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
კომპანია ადასტურებს, რომ ქარხანაში საწარმოო პროცესი გრძელდება და ცდილობენ, არ გაჩერდეს, რომ მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ადგილობრივები არ დარჩნენ სამსახურის გარეშე. თუმცა, პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას. არის მუქარის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. ასევე კეტავენ გზებს, რაც ხელს უშლის პროდუქციის ტრანსპორტირებას. „გაფიცულები, პროვოკაციის მიზნით, სპეციალურად კეტავენ გზებს, რადგან საწარმოდან არ მოხდეს პროდუქციის ტრანსპორტირება, ხელს უშლიან თანამშრომლებს საწარმოში შესვლისას, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვენ მათგანაც, არ გააგრძელონ მუშაობა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ გაფიცულების, განსაკუთრებით კი, პროფკავშირების წარმომადგენელისა და ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი არ არის საკითხის გადაჭრა. სამწუხაროდ, ასეთი ქმედებებით პირველ რიგში ზიანი ადგება კომპანიის საქმიანობას და დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც, რეგიონში წარმოების გაჩერებით უსამსახუროდ დარჩებიან. გარდა ამისა, გრძელდება კომპანიაზე ცრუ ბრალდებების გაჟღერება, სოციალურ ქსელში ვრცელდება არაზუსტი შინაარსის ფოტოებიც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გიორგი დიასამიძის ხელმძღვანელობით წარმოებს კომპანიის დისკრედიტაციისკენ მიზანმიმართული კამპანია, “ – აღნიშნავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ კომპანია ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით. ასევე, მათივე მოწოდებული ინფორმაციით, გამოკვეთილია, რომ კომპანია მზად არის გაფიცულ თანამშრომლებთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადასვლისა და მოლაპარაკებისთვის, გიორგი დიასამიძის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.
ინფორმაციას შპს “საირმე მინერალ ვოთერსი” ავრცელებს.