ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის განცხადებით, რუსეთის მსგავსად, შეერთებული შტატებშიც ოლიგარქია მყარდება. Sky News-თან ინტერვიუს დროს სანდერსმა აღნიშნა, რომ სიმდიდრის, უთანასწორობის და ეკონომიკის მრავალ სექტორში საკუთრების მზარდი კონცენტრაციის გამო, შეერთებული შტატები ოლიგარქიისკენ მიდის. სანდერსმა თავის ახალ გამოცემულ წიგნზე ისაუბრა, რომელშიც ის ამერიკულ საზოგადოებაში უთანასწორობის შესახებ ჰყვება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავლისა და სიმდიდრის უფრო მეტი უთანასწორობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. საშუალო კლასი აგრძელებს შემცირებას, მუშათა კლასის ადამიანები იბრძვიან სუფრაზე საკვების დასადებად, მაგრამ მილიარდერები ძალიან კარგად ცხოვრობენ. გარდა ამისა, გვაქვს საკუთრების დიდი კონცენტრაცია სექტორის მიხედვით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მედია, უოლ სთრითი თუ სატრანსპორტო სისტემა. გარდა ამისა, არსებობს მილიარდერების კლასი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი თანხის უზრუნველყოფა ცალკეული კანდიდატებისთვის და დომინირება პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ერი, რომელშიც სწრაფად მყარდება ოლიგარქია. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და პუტინის ოლიგარქიაზე, არადა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვაქვს ოლიგარქია“, – განაცხადა სანდერსმა.