დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ხუთი მილიონი ევროს მითვისების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას მიმართ გადაწყვეტილების გამოსატანად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

მანამდე კოლეგიის თავმჯდომარემ, ოთარ სიჭინავამ კანონის ის მუხლი განმარტა, რომელიც რთული კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანის დროდ ერთთვიან პერიოდს განსაზღვრავს.

მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნული საქმე რთული კატეგორიის არის, მოსამართლეებს ერთმანეთთან პოზიციების შეჯერება და თათბირი სჭირდებათ. გადაწყვეტილებაზე შეჯერების შემდეგ, მხარეებს მისი გამოცხადების დროს შეატყობინებენ.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინეს და დასკვნითი სიტყვები თქვეს. კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა სასამართლოს განუმარტა, რატომ გადარიცხა კეზერაშვილმა თანხა ოფშორული კომპანიის ანგარიშზე.

„ოფშორული კომპანია იმიტომ გახდა საჭირო, რომ ისრაელის კომპანია არ გამოჩენილიყო, რადგან ისრაელს რუსეთთან ამის გამო ურთიერთობა დაეძაბებოდა“,-განაცხადა მინდელმა.

ადვოკატები სასამართლოს არწმუნებდნენ, რომ გადარიცხული თანხის სანაცვლოდ ჯარის წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და მათ წვრთნების ვიდეომასალაც წარადგინეს. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ წვრთნები ზამთარში დაიწყო და ზაფხულამდე გაგრძელდა თუმცა აგვისტოს ომმა ხელი შეუშალა.

მოსამართლემ ადვოკატებს განუმარტა, რომ არავინ ედავება წვრთნების საერთოდ არ ჩატარებაში, საუბარია წვრთნების ნაწილის არ ჩატარებაზე. ადვოკატებმა სამხედროების ჩვენებებიც წაიკითხეს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ წვრთნები ჩატარდა.

კეზერაშვილის ადვოკატებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო გამოსვლებიც აჩვენეს სხდომათა დარბაზში, სადაც ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილს ჯარისკაცების, ბიუჯეტის მძარცველად მოიხსენიებს და ამბობს, რომ გამოსავალი მის დაჭერაში და თანხების დაბრუნებაშია. ამ გამოსვლებიდან გამომდინარე ადვოკატები ფიქრობენ, რომ კეზერაშვილს პოლიტიკურად დევნიან, რადგან მათი თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლიდან ორ თვეში კეზერაშვილი ხუთი მილიონის მითვისებაში უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, კეზერაშვილის ადვოკატები უკვე ნამსჯელი და უზენაესი სასამართლოს მიერ გაზიარებული მტკიცებულებების გადასინჯვას ცდილობენ, რისი კომპეტენციაც სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია. მათი განმარტებით, სიცრუეა, თითქოს 5 მილიონი ევროს დაჯამების საფუძვლები არ არსებობდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციით, უწყება დაზარალდა და თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გააჩნიათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში კეზერაშვილის ადვოკატები ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც კეზერაშვილს და ნინუას ბიუჯეტის სასარგებლოდ ხუთი მილიონი ევროს ოდენობის ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

საქალაქო სასამართლოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო სარჩელით უზენაესის იმ გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა, რომლითაც კეზერაშვილი თანხის მითვისებაში სისხლის სამართლის წესით გამტყუნდა.