საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა საერთო დოკუმენტის ხელს აწერს, რითაც ისინი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოუწოდებენ.
მისივე თქმით, რამდენიმე საათში იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული განცხადება შევა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი შეიტანს.
„ევროპის 27 ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვან და ადამიანს შესაძლებლობა მისცენ, რომ იმკურნალოს. რამდენიმე დღით უნგრეთმა დაიგვიანა, მაგრამ ხელი მოაწერეს. დღეს 27 ქვეყანას ხელი მოწერილი აქვს. ე.ი. ყველა გაგიჟდა, ყველა მოსყიდული გვყავს თუ როგორ?! ევროკავშირის ელჩი განცხადებას იუსტიციის სამინისტროში შეიტანს“, – განაცხადა ალასანიამ.
ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, რა დიაგნოზებსაც საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს უსვამს, იგივე დიაგნოზებს იუსტიციის სამინისტრო და კლინიკა „ვივამედის“ მედ-პერსონალი იმეორებს.
„მე მკურნალი ექიმის განცხადება მოვისმინე, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით ძალიან უკმაყოფილო იყო, რაც მოხდა. ყველა ადამიანს პროფესიონალიზმი აქვს, წესით პროფესიული კეთილსინდისიერება უნდა ჰქონდეს.
ჩვენთან ასეთი სურათია – ჯერ მთავრობა სვამს დიაგნოზებს, მერე იმავეს იუსტიციის მინისტრი და ექიმები იმეორებენ. ჩვენ სულელები ხომ არ ვართ?! რატომ არასოდეს ახსენებენ იმ ფაქტს, რომ აქ არის ინტოქსიკაცია?! რატომ არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომელიც ყველამ აღიარა?
მკურნალი ექიმი იმავეს იმეორებს, რასაც ზემოთ ამბობენ, ზუსტად იმავეს, არავითარი განსხვავება არ არის. ყოველთვის დაბალი წნევა ჰქონდა, დღეს აქვს წნევა, რომელსაც ინსულტისკენ პირდაპირ მივყავართ. გარდა ამისა, გაუსაძლისი ფეხების ტკივილი აქვს, ორგანიზმი თავის თავს ჭამს, უკვე ძვლების განლევა დაიწყო“,- დასძინა გიული ალასანიამ.