საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რიკოთის საუღელტეხილო გზაზე დაზიანებული ადგილების შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, რთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.

„ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები დღეიდან უკვე დაიწყო. მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები 08:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება. შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაოების წარმოების პერიოდში ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, დროებით შეფერხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით“,- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.