ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჯარისკაცებს მონებს უწოდებენ, ფაქტი სახეზეა, „გირჩის“ პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლები ამ სიტყვით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოლა, ან იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის.
„ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსი“ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ბევრი რამ რეგულირდება. სწორი გადანაწილება ხდება სამხედროებისა და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ცვლილებები თავსებადობაში მოდის თავდაცვის გეგმასთან. წვევამდელთა სამხედრო სამსახურის ახალი ხედვა ზუსტად პასუხობს რეგიონში არსებულ გამოწვევა, რაც გაგვაჩნია, რადგან საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამიტომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტოტალური თავდაცვის პრინციპებით უსაფრთხოების ამაღლება. ჩვენი ექსპერტების მიერ შესწავლილი იყო სკანდინავიური ქვეყნების გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილებას ეფუძნება ის ახალი მეთოდი, რასაც თავდაცვის სამინისტრო გვთავაზობს, საუბარია სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, რაც არის ის შესაძლებლობა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, მათ შორის სტუდენტებს.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ჩემთვის მიუღებელია, როცა ჯარისკაცებს მონებს უწოდებენ. მონის განმარტება ძალიან კარგად ვიცი. ამ სიტყვით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოლა, ან იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის. უკრაინის თავდაცვის ძალები სრულად თუ არა 70-80 პროცენტი მაინც სავალდებულო სამსახურის პრინციპზე იყო აგებული. დღეს ეს ადამიანები უკრაინის დასაცავად ბრძოლობენ და ყველას შეურაცხყოფას აყენებენ. ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციების ფარგლებში, ოდესაში ფორუმი იყო, სადაც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უკრაინელ მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური აირიდონ. ვერავის ვერაფერს დავწამებ და „გირჩის“ წარმომადგებლების კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მათი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
სხდომაზე მსჯელობდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ თავდაცვის კოდექსზე, რასაც ეწინააღმდეგებოდა პარტია „გირჩი“. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვახტანგ მეგრელიშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია. ცოტა ხნის შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირება კვლავ გაგრძელდა. „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებები გააპროტესტა.