Bloomberg: ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

Bloomberg-ის მიხედვით, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში კიდევ ერთხელ მოექცა.

 

სააგენტოს ცნობით, მასკის ქონება, Tesla-ს აქციების ზრდის ფონზე 187,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციები კი – 70 პროცენტითაა გაზრდილი.

Bloomberg-ის ცნობით, Twitter-ის მფლობელის პირადმა ქონებამ, Louis Vuitton Moët Hennessy-ის ჯგუფის ხელმძღვანელის, ბერნარ არნოს ქონებასაც გადააჭარბა. Bloomberg-ი არნოს ქონებას 185,3 მილიარდ დოლარად აფასებს.

ამავდროულად, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, რომელიც მილიარდერებს რეალურ დროში აფასებს, სიაში პირველ ადგილზე ბერნარ არნოა (206,3 მილიარდი დოლარი), შემდეგ მოდის ილონ მასკი (197,7 მილიარდი დოლარი). ილონ მასკმა არნოს პირველობა დეკემბერში დაუთმო.

Bloomberg-ი დეკემბერში წერდა, რომ ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც 200 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. 2021 წლის ნოემბერში მისი ქონება 340 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, 2022 წლის ბოლოს კი – 137 მილიარდ დოლარად.