თეონა აქუბარდია: რუმინეთი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის და გამოწვევების შესახებ

რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზეა ასული. ღიად გვითხრეს, რომ ისინი დაეხმარებიან საქართველოს, მხარს უჭერენ საქართველოს, თუმცა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ყველა აუცილებელი წინაპირობა, რაც 12 რეკომენდაციის სახით გადმოეცა საქართველოს და დემოკრატიის ის ნორმები, რომლებიც ევროკავშირშია წესია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინული მხარე კარგად არის ინფორმირებული საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის და გამოწვევების შესახებ.

„არაერთხელ ითქვა, რომ რუმინეთი მზადაა რჩევებით დახმარება გაგვიწიოს. რუსეთის აგრესიის პირობებში საქართველო კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ეს დემოკრატიული რეფორმები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით არის აუცილებელი, რათა მოხდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც ჩვენი ხალხის არჩევანია. იყო საუბარი დეოლიგარქიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ რეკომენდაციაზე, მედიის თავისუფლებაზე, ნახსენები იყო ნიკა გვარამიას დაკავება, რომელიც იყო რეალურად ხელისშემშლელი საქართველოსთვის სტატუსის მისანიჭებლად, პოლარიზაციაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევაზე. საუბარი შეეხო დემოკრატიული ნორმების აუცილებლობას. რუმინეთი აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობაა აქვს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყანა საქართველო შეუერთდეს კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოთა ჯგუფს. ამ შემთხვევაში რუმინეთი კიდევ უფრო მეტადაა დაინტერესებული,რომ საქართველოს ჰქონდეს წარმატება დემოკრატიის გზაზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.