გიორგი ვოლსკი: როგორ შეიძლება, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყოს გამჭვირვალობის წინააღმდეგი

აშშ-ის არცერთი მოქალაქე არ ფიქრობს, რომ აფინანსებს ორგანიზაციას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, ეს ორგანიზაცია კი გამოდის ქუჩაში და რევოლუციური პროცესების განვითარება სურს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რამდენჯერ უნდა ავხსნათ, რომ ასეთი სათაურის მქონე და გაცილებით უფრო ხისტი კანონი არსებობს აშშ-ში. არ არის სწორი, რომ ეს რამენაირად შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ გარკვეულ, კონკრეტულ, თუნდაც მილიონერ არასამთავრობო ორგანიზაციას. მამუკა მდინარაძემაც და ირაკლი კობახიძემაც თქვეს, რომ შექმნილ სავალალო სიტუაციაში, ამ ჯახში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, არაა გამორიცხული, რომ საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ქვეყანაში – საქართველოში, არაერთმა, თუნდაც ექსტრემისტულმა გუნდმა გარკვეული ფორმით მოინდომოს თანხების შემოტანა. მთავარი თემა ის არის, რომ თითქოს ქურდს ქუდი აეწვაო, რაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს. აშშ-ის არცერთი მოქალაქე არ ფიქრობს, რომ აფინანსებს ორგანიზაციას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, ეს ორგანიზაცია კი გამოდის ქუჩაში და რევოლუციური პროცესების განვითარება სურს. ეს იდეა არ აქვს ამ ამერიკულ დაფინანსებას. ორგანიზაცია, რომელიც ამას აკეთებს, ვალდებული იქნება, უფრო გამჭვირვალედ და ღიად უპასუხოს თავის დამფინანსებელს, თუ რა მიმართულებებით საქმიანობს და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რა ფინანსურ რესურსს ფლობს ამისთვის. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მეტი არაფერია და როგორ შეიძლება, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იყოს გამჭვირვალობის წინააღმდეგი? მე თუ მთხოვენ ჩემი ქონების დეკლარირებას, რატომ არ უნდა ჰქონდეს ასეთი ვალდებულება ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის რუსული წარმოშობის არასამთავრობოებს? თუკი რამე სადისკუსიოა, მათ შორის სათაური – რატომაც არა, გავმართოთ დისკუსია“, – განაცხადა ვოლსკიმ.