იუსტიციის სახლში პირველი მარტიდან საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მომხმარებელს მომსახურების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.
მათივე ცნობით, იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიც არის:
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე პირადად დააკვირდნენ და პირველ მომხმარებელს უმასპინძლეს.
თანამშრომლობის ფარგლებში სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშიც არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.