ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია.
„მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეებს აქვთ ან არ აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, მაშინ ეს უკეთესი ცხოვრება დემოკრატიული და აყვავებული ევროპის გვერდით არის. მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებული ვართ მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის. მოლდოვას აქვს შანსი, თავი დააღწიოს ამ სტრატეგიულ გაურკვევლობას და ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება ყველა ჩვენგანთან, ევროპაში“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.