რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

ერდოღანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების აღმოსაფხვრელად.

გასული თვის მიწისძვრების შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ვრცელდებოდა. დასავლური მედია წერს, რომ ერდოღანის პოპულარობა შემცირდა მზარდი საცხოვრებელი ხარჯებისა და ლირას ვარდნის გამო.

მიწისძვრების შემდეგ, თურქეთის მთავრობა დაგვიანებული პასუხის გამო, კრიტიკის ობიექტი გახდა.

„6 თებერვლის მიწისძვრის კვალს რაც შეიძლება მალე წავშლით. ნანგრევებს გავიტანთ, ჭრილობებს ვუმკურნალებთ, დანგრეულ სახლებს კარგად აშენებულით შევცვლით, გულებს მოვიგებთ, ახალ მომავალს და ახალ ცხოვრებას ავაშენებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები იყოს, ეს ერი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა 14 მაისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.