მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, “ღამის კურიერის” ეთერში” იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახლა ის ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღარ არის.
“როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი – გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე.
საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. არც იციან რაშია საქმე, არც უნდათ გაიგონ – გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო. ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს ღებულობდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ.”