დღეს ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას კანონის მხარდაჭერაზე ან მიუღებლობაზე, ეს არ არის დღევანდელი კომიტეტის სხდომის ამოცანა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
„კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს არ იხილება არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც ამოქმედების ვადები, ეს ყველაფერი იქნება მეორე მოსმენის დროს. სამწუხაროდ, ამ პარლამენტში ორწლინახევრის თავზე არიან დეპუტატები, რომელბმაც პარლამენტის რეგლამენტი არ იციან, რაც არის უმძიმესი ფაქტი. რაც გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა ეს იყო ამერიკული კანონი პრინციპების დონეზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.