ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, დადექით, ბატონო, ცალ ფეხზე და თუ გინდათ, ნუ იდგებით! ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ. ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მანამდე სიტყვით ისარგებლა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც კანონპროექტზე ისაუბრა. ამავდროულად მიხელ სააკაშვილთან მიმართებით რიტორიკულად დასვა შეკითხვა, „ჭინკასავით რომ დახტოდა, იყო თუ არა ეს, რუსული საქმე?“, რა დროსაც მას ანა ნაცვლიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა. ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსაც მიმართა.
„ქალბატონო ანა, ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან ერთად ქართველი ხალხის მხარდაჭერით. თქვენ თქვენს ხალხს არ ეკუთვნით, თქვენ ხართ უსამშობლო. ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, დადექით, ბატონო, ცალ ფეხზე და თუ გინდათ, ნუ იდგებით! ჩვენ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.