კლიმატის ცვლილება გერმანიას, შესაძლოა, 900 მილიარდი ევრო დაუჯდეს

მხოლოდ გერმანიაში კლიმატის ცვლილებამ, შეიძლება, 2050 წლისთვის 900 მილიარდ ევრომდე ზარალი მოიტანოს, – წერს გერმანული გაზეთი Handelsblatt გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

კვლევა, რომელიც ეკოლოგიური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტმა (IÖW), ეკონომიკური სტრუქტურული კვლევების საზოგადოებამ (GWS) და შვეიცარიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Prognos AG შეიმუშავეს, ხარჯებს სხვადასხვა სცენარის მიხედვით აფასებს. გლობალური დათბობის მასშტაბიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022-იდან 2050 წლამდე, გერმანიის ეკონომიკის ზარალი 280-იდან 900 მილიარდ ევრომდე იქნება.

“კლიმატის ცვლილებას დღეს უკვე სერიოზული ეკონომიკური შედეგები აქვს, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს”, – განუცხადა გამოცემას ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის სახელმწიფო მდივანმა სტეფან ვენცელმა. “კლიმატის დაცვაში ინვესტირებული ყოველი ევრო ამცირებს ეკონომიკურ ხარჯებს”.