ლევან ხაბეიშვილი – რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ

რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ, სხვა შემთხვევაში რუსეთის გუბერნია ვხდებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი გამოსავალი ბრძოლაა.

„დღეს, ბიუროს სხდომა აღარ ჩატარდება, ეს არის კარგი, 15:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო, ვერ ჩაატარეს, 17:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო, ვერ ჩაატარეს. ხვალ დილის 10:00 საათზე გადაიტანეს, რომ გითხრათ, ამ კანონს არ მიიღებენო, მოგატყუებთ, რადგან ეს „პუტინისტები“ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. დავალება კრემლიდან აქვთ, ყველაფრის ფასად ასრულებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის მომავლის, შვილების საწინააღმდეგო კანონი მიიღონ. დღეს ვერ მიიღეს, რადგან პრობლემები აქვთ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან ფიზიკურადაც გვიწევს ბრძოლა, დღეს ვერ ქნეს, ალბათ, ხვალ იზამენ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს “რაშისტები”, “პუტინისტები” დავამარცხოთ, სახალხო პროტესტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ ასეთ აქციას მიესალმება და შეუერთდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ევროპის მომავალს უზრუნველყოფს. პროდასავლური საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა იყო, ამ რუსებთან ბრძოლა იმდენად ზესახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამაში ყველა ერთიანი ვართ. პროტესტი უნდა იყოს ყველგან – ერთადერთი გამოსავალია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს – მოქმედება და ბრძოლა. პირობას ვიძლევი, ქართველ ხალხთან ერთად, ამ „პუტინისტებს“ დავამარცხებთ.

დღესაც იქნება ოპოზიციის, არასამთავრობოების შეხვედრები, ხვალ ბიუროს სხდომაა, მობილიზებულები უნდა ვიყოთ და ამასობაში, პარალელურად ვემზადოთ ბრძოლისთვის. მსოფლიოში ყველამ დაინახა, რომ ამათ სახელმწიფოს ინტერესები კი არ ადარდებთ, პირიქით, ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟი უნდათ.

რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის გუბერნია ვხდებით. ამიტომ მესმის ამ ადამიანების პროტესტი, მეტიც, მოგიწოდებთ ყველას, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ქვეყანა არის თქვენი, თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყნის ბედის წარმმართველებიც და მონაწილეებიც ამ ქვეყნის მშენებლობის. ნუ დაუთმობთ კოლექტიურ ოხანაშვილებს, კოლექტიურ კობახიძეებს, “კრემლისტებს”, პუტინისტებს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს ამ ქვეყანას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.