პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება – თამარ კორძაია

„პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, ეს კანონი საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს.

„რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს. მანდატურები დაგვაყენეს თავზე, 70 კაცი ლამის. ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს.

დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს. რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ ჩვენ მომავალს. ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, მე გამოვედი პატიოსნად ვსაუბრობდი კანონი, რომ იყო ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს გაგაძევებთო“, – აცხადებს თამარ კორძაია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საკუთარ სტუდენტებსაც მიმართა და მათ პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ ჩემ სტუდენტებს. თუ გაწუხებთ საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი, დღეს აქ წყდება ამ ქვეყნის ბედი. გეხვეწებით ყველას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის და საკუთარი ქვეყნის წინაშე. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას“, – დასძინა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.