გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტებს წარმოადგენს.
თეონა აქუბარდიასა და გურამ მაჭარაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქუბარდიამ განაცხადა, რომ მაჭარაშვილმა მის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
„მე საზოგადოებას ვესაუბრები აქ და ამიტომ ვარ, თორემ თქვენთან ვიცი, რომ არავითარ საუბარს აზრი არ აქვს. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე. არ არის ასე! ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი. არ გაგივათ! დამთავრდა!“ – განაცხადა აქუბარდიამ.
მაჭარაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათგან განსხვავებით ოპოზიციას არსად არ მოუსმენენ, „რადგან ისინი ტყუილს ავრცელებენ“.