„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ჯერ 9 მარტს, ხუთშაბათს დააანონსა და შემდეგ დღეისთვის გადმოიტანა, აჩვენებს იმას, „როგორი ვირეშმაკობით აპირებენ ამ ქვეყნის გასაბჭოებას“.
„ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორი ძალადობით, როგორი ვირეშმაკობით აპირებენ ამ ქვეყნის გასაბჭოებას. ამიტომ, მინდა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, აი, ეს არის ამათი ლუსტრაცია. ასე აპირებენ, რომ თქვენი მომავალი ნაგვის ყუთში ჩააგდონ. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩვენ აქ ბრძოლას ვაპირებთ, მოდით პარლამენტთან. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთიანობით ამ მავნებელი, მოძალადე, მატყუარა ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან ხელისუფლებასაც მიმართა.
„ასე ძალიან რომ გეჩქარებათ, გთავაზობთ, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეთ. სწრაფად დააფიქსირეთ თქვენი გვარები ამ რუსულ კანონზე. ამას განხილვა რად უნდა? სწრაფად მიიღეთ. პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.