ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ხვალ აღარ გაიმართება

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში ხვალ იყო დაგეგმლი, აღარ განიხილავენ.

შესაბამისად, ვენეციის კომისიაში ე.წ. აგენტების შესახებ გადაგზავნილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტია პირველი მოსმენით მიღებული, ხოლო მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, მხოლოდ საკომიტეტო მოსმენის ფორმატშია განხილული.

ე.წ. აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიას დღეს გადაეგზავნა, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. პაპუაშვილი კლერ ბაზი მალორს აღნიშნული კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.

„საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი გუშინ დაუჭირა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტთან მისი მოწინააღმდგეების აქცია გაიმართა. შეკრების მონაწილეები სპეცრაზმმა წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის მეშვეობით დაშალა. სამართალდამცველებმა 66 ადამიანი დააკავეს. დაშავდა ათობით ადამიანი.