ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე უნდა დადგეს და ჩავარდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო „ოცნებას“, – წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.