პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს დილას „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით გაჟღერდა.
„დასრულდა უმრავლესობის სხდომა, სადაც განვიხილეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო შეთანხმებული, მიღებული საპარლამენტო უმრვალესობის მიერ. მამუკა მდინარაძემ უკვე განმარტა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები, იყო მაშინაც გარკვეული რისკები, თუმცა ეს რისკები შეიძლება გაზრდილიყო. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა თუნდაც ერთი ადამიანის, იქნებოდა ეს ახალგაზრდა, თუ არაახალგაზრდა, სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. იყო ინფორმაციაც, კონკრეტული მოლოდინები, გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დილას გახმოვანდა“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.