გაჩნდა რისკები, რომ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ასე ვიქცევით ყოველთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„საზოგადოების რაღაც ნაწილმა ხომ დაიჯერა, რომ ეს კანონი რუსულია. ეს შემთხვევით ხომ არ მომხდარა – ვიღაც, ვისიც სჯეროდათ ამ ადამიანებს, ბევრჯერ უთხრა, რომ რუსულია. რეალურად ამის საწინააღმდეგოდ იყო დარეგისტრირებული ამერიკულის პირდაპირი თარგმანი და ამაზეც ითქვა, რუსულიაო. წარმოიდგინეთ, რამდენად ხისტი კამპანია იყო ჩართული და, გარკვეულწილად, წარმატებული. ფაქტია, რომ ვიღაცას გულწრფელად სჯერა ამის. შესაბამისად, გაჩნდა რისკები, რომ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა, და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ასე ვიქცევით ყოველთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.