საქალაქო სასამართლოში 7 მარტის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

7 მარტის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში ეტაპობრივად ინიშნება.

დაკავებულებს შორისაა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი მუმლაძე. სასამართლომ მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა განიხილოს.

ამჟამად დაკავებულები სასამართლოში არ იმყოფებიან და მათი მიყვანის დრო უცნობია.

სასამართლომ აქციაზე დაკავებული ორი პირის საქმე უკვე განიხილა და ორივე შემთხვევაში მოსამართლემ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლა.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.