თამარ კორძაია: ვიბრძოლებ 12 პუნქტის შესასრულებლად

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

„12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესასრულებლად – სახალხო დამცველობის კანდიდატს მივეცი ხმა. ასევე ვიბრძოლებ 12 პუნქტის შესასრულებლად – რთული იქნება, იმიტომ რომ ჩემი პოზიციები არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ პოზიციებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია ევროპერსპექტივა. რა თქმა უნდა, ვიმუშავებ პარლამენტში“, – აცხადებს კორძაია.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.