გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებამ პრაქტიკულად უკვე დაინახა, ვის ეტკინა ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი

არასამთავრობო სექტორი ამბობდა, რომ ჩვენ ისედაც გამჭვირვალე ვართო. ახლა ვეუბნებით, ჩვენ ხომ შევწყვიტეთ ამ კანონპროექტის განხილვა, გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშგება და თქვან საიდან ფინანსდებიან, ხალხისთვის რომ ხელმისაწვდომი იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„შეასრულონ თავიანთი სიტყვა და თქვას ყველა არასამთავრობო სექტორმა. საზოგადოებამ პრაქტიკულად უკვე დაინახა, ვის ეტკინა ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.

10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.