პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, აქციები უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ისე, რომ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი მიკროფონს არ გააკარონ.
მისი თქმით, მისი კოლეგების უდიდესი ნაწილი მიტინგების პროფესიონალი დამშლელები არიან.
„აქციები უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ისე, რომ ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მიკროფონს არ გააკარო, რადგან ესენი მიტინგების პროფესიონალი დამშლელები არიან. ახლა მიტინგის დაშლა კი არა ბოლომდეა მისაყვანი საქმე და მთავარი დასჯის ინსტრუმენტი, ე.წ. ფეიკ სამხედრო რეფორმაც ისევე უნდა გამოვითხოვოთ, როგორც ეს კანონპროექტი გამოითხოვეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა,რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.
10 მარტს კი პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა.