მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო ღრმა და კომპლექსურია.
„მგონი, ინტერვიუ ჩაწერილია იქამდე, ვიდრე მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ამიტომ მისი ტექსტი დღეს შეიძლება, ცოტა სხვანაირად იკითხებოდეს. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ვთქვათ, ის კონკრეტული ამოცანები, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს გადასაჭრელი. მგონი, ასეთი თემების ერთმანეთში არევა უპრიანი არ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გაგებული მერაბიშვილის ინტერვიუ დღეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:
„უბრალოდ რაღაც ნაწილი საერთოდ უნდა დავივიწყოთ, რადგან ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც დაიძაბება სიტუაცია იმის გამო, რომ „ქოცები“ დათმობაზე არ წავლენ. ამიტომ, ამ ნაწილზე დღეს მსჯელობა რელევანტური არ არის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.