მართალია, ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ ეს მისი მხრიდან იძულებითი ტაქტიკური ნაბიჯია. არ უნდა მოვდუნდეთ, ისინი რევანშისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის ანგარიშის გასწორებისთვის ემზადებიან, ვინც რეჟიმს და საქართველოს ევროპისგან დაშორების მზაკვრულ გეგმას წინ აღუდგა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ანგარიშსწორების შანსი არ უნდა მივცეთ.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, დღევანდელი დღის წარმატება ქართველ ხალხს ეკუთვნის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, ვინც ბოლომდე დადგა და რეჟიმის რეპრესიებს არ შეუშინდა.
„კარგია, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ევროპელობა სწორედ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში გამოდიხარ არა ფანატიკური მოტივით, ან რომელიმე პოლიტიკოსის გამო, არამედ სამშობლოს სიყვარულით და იდეისთვის.
პოლიტიკა და პოლიტიკოსი არ გვინდა, არასწორია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცუდი და კარგი პოლიტიკოსების გარჩევა. როცა უსაფრთხო ფრენა გვინდა, უნდა ვთქვათ არა ის, რომ პილოტი არ გვინდა, არამედ ის, რომ გვინდა კარგი, პროფესიონალი პილოტი. როცა ექიმი გვჭირდება უნდა ვთქვათ, არა ის, რომ ექიმი არ გვინდა, არამედ გვინდა კარგი ექიმი. მარტივი ტესტია, ვინც ერთობას ეძებს – კეთილია, ვინც ყოფს – მტერი. არჩევანი ყოველთვის ამის მიხედვით გავაკეთოთ“, – აცხადებს მანჯგალაძე.