პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დადგა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხზე საერთო კონსენსუსი შედგა.
პარლამენტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“.