აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უმასპინძლა.
უკრაინის დახმარება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ჯო ბაიდენმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლა გაგრძელდება.
თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი და ბრიუსელი გეგმავენ, დამატებით ზომებს მიმართონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე ქვეყნების მიერ გვერდის ავლის აღსაკვეთად.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის საკითხებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაეხმარა ევროკავშირს ენერგოკრიზისის გადალახვაში გათხევადებული აირის მიწოდებით.
„ჩვენ კვლავ ვეხმარებით უკრაინის მამაც ხალხს უსაფრთხოების სფეროში დახმარების უზრუნველყოფით და ისტორიული სანქციების განხორციელებით, რაც ზღუდავს და უფრო რთულს ხდის პუტინისთვის, დააფინანსოს და აწარმოოს ომი უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. მახსოვს, როგორ ვსაუბრობდით ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე, შეგვეძლო თუ არა საკმარისი გათხევადებული აირის მიწოდება, ჩვენ მივაწოდეთ ორჯერ მეტი. ამან იმუშავა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ისინი, როგორც მტკიცე პარტნიორები, მხარს უჭერენ უკრაინას, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
„თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, როდესაც გვინდოდა, თავი დაგვეღწია რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდით, დაგვეხმარეთ გადაგველახა ეს ენერგეტიკული კრიზისი. ჩვენ, როგორც პარტნიორები, ერთად მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ვაზღვევინებთ რუსეთს საფასურს მისი სასტიკი ომისთვის. ჩვენ მტკიცედ ერთიანები ვართ ჩვენი ღირებულებების დაცვაში“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.