ირაკლი კუპრაძე – გთავაზობთ მოკავშირეობას

„რუსული მთავრობა“ დღეს ჩვენს ქვეყანაში აანონსებს რეპრესიებს ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი, იმ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისადმი, რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ წარმატებას და რუსული გეგმა რუსული კანონის სახით ჩავარდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირობას დებენ, რომ დაცული იქნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი აქვთ.

„ჩვენთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები, გულწრფელი პროტესტით, პროდასავლური განწყობებით იყვნენ დაცული. პირობას ვდებთ, მზად ვართ, საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი, ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რისკის ქვეშ, ოდნავი რისკის ქვეშ. მოგიწოდებთ, გამოდით ჩვენთან კონტაქტზე. გთავაზობთ მოკავშირეობას და მხარდაჭერას. სამართლებრივი მხარდაჭერიდან დაწყებული, დამთავრებული თქვენთან ერთად ფიზიკური დგომით. უნივერსიტეტებსა და სკოლებში არ არის ადგილი პრორუსი, პუტინისტი და მოღალატე ლექტორებისთვის. მშვიდობიანი პროტესტის სახით რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვხედავთ, ეს არათუ უბრალოდ კარგია, ვალდებული ვართ და აუცილებელია, რომ დღეს ჩვენი პოზიცია ჟღერდეს ყველგან, პირველ რიგში, უნივერსიტეტის აუდიტორიებში. ვამბობ, როგორც ყოფილი სტუდენტი, თუნდაც ირაკლი კობახიძის, მე რომ ახლა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყო, აუცილებლად ირაკლი კობახიძის კაბინეტთან იდგებოდა სტუდენტები და იქნებოდა სირცხვილის კორიდორი საუკუნის მატყუარისთვის, რომელსაც წარმოადგენს ირაკლი კობახიძე თავისი პუტინისტური მესიჯებით“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.