შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე

როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე – დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს განცხადებები მაშინაც გაეკეთებინათ, როცა პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა და პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო.

„როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილას!

როცა პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი რა, პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ, აი, იმ ევროპის გულით ანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამასთან დაკავშირებით, იქნებოდა კარგი. სათანადო რეაგირება იყო, რაც ამ შემთხვევას შეეხება და სათანადო პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.

თუკი ევროპაზე უნდა ვინმეს საუბარი, ამაზე უნდა ისაუბრონ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც თითი – თითზე არ დააკარეს იმისთვის, რომ 12 პუნქტის რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. ასე რომ, დროშის ფრიალის ნაცვლად, გულში აფრიალონ ეს დროშა და საქმე გააკეთონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.