თეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია

მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია. სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იგეგმება.

„მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და, ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა.

ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.