გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უყრაინის შეიარაღებული ძალების ხარისხი, რაც რუსეთთან ბრძოლისას უპირატესობად ითვლებოდა, ერთწლიანი ომის დროს მიღებული დანაკარგის გამო საგრძნობლად გაუარესდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ამის შედეგად ყველაზე გამოცდილი უყრაინელი ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლის ველს გამოაკლდა, რამაც აიძულა ზოგიერთი უყრაინელი მაღალჩინოსანი, ეჭვი შეეტანა კიევის მზადყოფნაში გაზაფხულზე კონტრშეტევა წამოიწყოს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პირების გათვლით, გასული წლის დასაწყისში 120 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, ხოლო რუსეთის მხრიდან დანაკარგი 200 000-ს შეადგენს. თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო მრავალრიცხოვანია და რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ აღემატება უკრაინისას. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინა დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ყველაზე მტკიცე მოკავშირეებსაც კი არ უზიარებს.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოუცდელი წვევამდელების ნაკადმა, რომლებიც ჯარში დანაკარგების შესავსებად გამოიძახეს, შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროფილი. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე განიცდიან საბრძოლო მასალის მწვავე დანაკლისს. მათ შორის საარტილერიო ჭურვებისას.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების უუნარობა, განახორციელოს კონტრშეტევა, კიდევ უფრო გაამძაფრებს კრიტიკას, რომ აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები ძალიან დიდხანს ელოდნენ, ვიდრე საწვრთნელი პროგრამებს გააფართოებდნენ და მიაწვდიდნენ უკრაინას ასე საჭირო ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და საბრძოლო ტანკებს“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
ამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ დღეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია სრულად არ ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, რადგანაც კიევი სამხედროების ნაწილს განცალკევებით წვრთნის და არ რთავს მათ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლაში.
ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც.
„ომში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ახალი პერსონალი უნდა მოამზადო და გაწვრთნა, ჩემი აზრით, ესაა რაც ახლა ხდება“, – განაცხადა ერმაკმა.