ლაშა ფარულავა: 9 აპრილს ჩვენ მშვიდობიანად შევიკრიბებით, ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, 9 აპრილს „ნაცმოძრაობა“ აპირებს, ხალხთან ერთად შეიკრიბოს და აიძულოს ხელისუფლება, შეასრულოს 12 რეკომენდაცია.

„ქართველი ხალხის ურყევი ნება და მიზანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. სწორედ ამ მიზნით ვაპირებთ, 9 აპრილს შევიკრიბოთ ქართველ ხალხთან ერთად და მოვთხოვოთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 12-პუნქტიანი გზამკვლევი. ჩვენ მშვიდობიანად შევიკრიბებით, ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს 12-ვე პუნქტი. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“, – აცხადებს „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საპროტესტო აქციას აანონსებს.