საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ცინიკურად გამოიყურება. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება.
„საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ცინიკურად გამოიყურება. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ასეთი მოთხოვნები დააყენონ. ისინი სპეკულირებენ და იმ ადამიანების სახელით საუბრობენ, ვისაც მათთვის უფლება არ მიუციათ, საზოგადოების სახელით დააყენონ მოთხოვნები. სჯობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. მათი რეიტინგი უკიდურესად დაბალია, პარტია არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს. სჯობს, 9 აპრილამდე თავიანთ პრობლემებს მიხედონ. ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, საქმით – ანტიევროპელები, როცა აწამებდნენ ადამიანებს, ხურავდნენ მედიას, სახლებიდან მესაკუთრეებს ყრიდნენ განსხვავებული აზრისთვის. ეს იყო მათი პოლიტიკური ბიოგრაფია, ამას აკეთებდნენ ევროპის სახელით. სწორედ ამიტომ შევიდნენ ისტორიაში, როგორც პარტია, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა. ახლა წამოიწყეს პოლიტიკური ფარისევლობა, რომ თავისი თავი დაუკავშირონ 9 აპრილს და ისეთ თემებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება. ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.